6 მედალი და ისტორიული შედეგი. ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია.

ქართველებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260) გახდნენ. საბამ ფინალში სომხეთის წარმომადგენელი  ალექსანდრ ჩარხჩიანი დაამარცხა. სედრაკ კარაპეტიანმა კი გადამწყვეტ ბრძოლაში   ინდოეთის წარმომადგენელ კიგან მანეზის ხელის მტკივნეული ილეთით  მოუგო.

პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მედალი ქალთა შორის ასპარეზობაშიც დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონობა 16 წლამდელთა შორის მარი ნანავამ იზეიმა.   ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკა ბერაიამ (U16 68 კგ.). 

ბრინჯაოს მედლები კი რატი შურღაიამ (U 16 , 58 კგ.)  და დიმიტრი ბერაიამ (U13, 42 კგ.) დაისაკუთრეს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელი ირაკლი პაპავა.

მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის კუდოისტებს შორის გაიმართა.