6 მედლით და ისტორიული შედეგით საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.
კუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი, ფედერაციის წამომადგენლები, მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260) გახდნენ. საბამ ფინალში სომხეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ჩარხჩიანი დაამარცხა. სედრაკ კარაპეტიანმა კი გადამწყვეტ ბრძოლაში ინდოეთის წარმომადგენელ კიგან მანეზის ხელის მტკივნეული ილეთით მოუგო.
პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მედალი ქალთა შორის ასპარეზობაშიც დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონობა 16 წლამდელთა შორის მარი ნანავამ იზეიმა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკა ბერაიამ (U16 68 კგ.).
ბრინჯაოს მედლები კი რატი შურღაიამ (U 16 , 58 კგ.) და დიმიტრი ბერაიამ (U13, 42 კგ.) დაისაკუთრეს.
ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის კუდოისტებს შორის გაიმართა.