მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონები, პრიზიორები და მათი მწვრთნელები ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
დავით ხახუტაშვილმა კუდოისტებს საქართველოს კუდოს ფედერაციაში უმასპინძლა, მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია დაესწრნენ.
იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე კუდოში ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260) გახდნენ. 

პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე კუდოში საქართველომ მედალი ქალთა შორის ასპარეზობაშიც დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონობა 16 წლამდელთა შორის მარი ნანავამ იზეიმა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკა ბერაიამ (U16 68 კგ.).
ბრინჯაოს მედლები კი რატი შურღაიამ (U 16 , 58 კგ.) და დიმიტრი ბერაიამ (U13, 42 კგ.) დაისაკუთრეს.ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის კუდოისტებს შორის გაიმართა.