9 მედალი, გუნდური პირველი ადგილი, სპეციალური პრიზები და ქართველი MVP, –  ისტორიული შედეგი დააფიქსირა საქართველოს კუდოს ნაკრებმა   ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის.

კუნძულ მალტაზე გამართულ ევროპირველობაზე საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში  10-მა კუდოისტმა იასპარეზა და მედალი  ცხრამ მოიპოვა.   ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 

ორ წონაში ქართული ფინალი შედგა. ანდრია ზუხბაია ნიკოლოზ ჟვანიას დაუპირისპირდა (U13, 52+ კგ) და გაიმარჯვა, გოგა სიჭინავა კი ლადო აფრასიძეს (U16, -58 კგ). აფრასიძემ მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.

ტურნირის უძვირფასესი (MVP) კუდოისტი საბა მარკელია (U16, -42 კგ) გახდა.  საუკეთესო ტექნიკური მაჩვენბლებისთვის გუკა ხუბუტია  (U16,  – 48კგ) დააჯილდოვეს.

საქართველოს ღირსება გოგოებს შორის იცავდა  ანჟელა მომცელიძე (U16, -63კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა კუდოისტებთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია, კუდოს მწვრთნელი რომეო გაბლაია და კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლუკა ყოლბაია.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 9 მედალია, 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო;

ანდრია სხულუხია U13 (-42კგ)

ანდრია ზუხბაია U13 (52+კგ)

საბა მარკელია U16 (-42 კგ)

გუკა ხუბუტია – U16 ( – 48კგ)

ლადო აფრასიძე U16 (-58 კგ)

გოგა სიჭინავა U16 (-58კგ)

ნიკოლოზ ჟვანია U13 (52+ კგ)

დემეტრე კესარელი – U 11 (- 40კგ.)

ანჟელა მომცელიძე U16 (-63კგ)

საქართველოს კუდოს ნაკრები წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში 6 თებერვალს დაბრუნდება.