24 დეკემბერს სენაკის სპორტის სასახლეში,  საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში. შეჯიბრში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული კუდოს კლუბების ასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა. ჩემპიონატს გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან უჩანეიშვილი, სენაკის საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი და სენაკის საკრებულოს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიგა წურწუმია დაესწრნენ.

საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გოგონებსა და ბიჭებს შორის გამოვლინდნენ, რომელთაც თასები, მედლები და სპეციალური სიგელები გადაეცათ.