kolkheti-cup-fight-georgia-armenia

28 იანვარს, თბილისში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირის „კოლხეთის თასის“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ორთაბრძოლები K1–ის წესებით წარიმართა და გამარჯვებული ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის შესარჩევი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების სპონსორი  საქართველოს კუდოს ფედერაცია იყო, ორგანიზატორები კი  ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაცია (WFCA ვერსიით) და კონტაქტური კარატეს ფედერაცია. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა.

შეჯიბრზე  საქართველოს კუდოს ფედრაციის  მწვრთნელი  ამირან სახოკია ასპარეზობდა, თუმცა ნახევარფინალურ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა გიორგი ხუფენიამ, 70 კილოგრამში კი – ოთარ გოგობერიშვილმა მოიპოვეს. გამარჯვებულებს წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიულოცა. ფინალური შეხვედრების გარდა, ტურნირმა სარეიტინგო ორთაბრძოლებსაც უმასპინძლა. საერთო ჯამში ძიუდოს აკადემიაში 11 ბრძოლა გაიმართა.

„კოლხეთის თასის“ საერთაშორისო ტურნირი 2015 წელს დაარსდა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტურნირის გამარჯვებულებს სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის ლიცენზიები ენიჭებათ და ჯილდოდ ფულადი პრიზები გადაეცემათ.