Azuma-Takashi-saqartvelos-estumreba

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, საბრძოლო ხელოვნება კუდოს დამაარსებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, გრანდმასტერი ტაკაში აზუმა თბილისს ესტუმრება. ტაკაში აზუმა  ქართველი კუდოისტებისთვის მასტერკლასსა და ატესტაციას ჩაატარებს.

აზუმა თბილისს 14 თებერვალს ეწვევა. მასთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ კუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები იაპონიიდან და რუსეთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი რომან ანაშკინი. სტუმებთან ერთად საქართველოში დაბრუნდება საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი, რომელიც ამჟამად ინდოეთში, კუდოს II მსოფლიო თასზე, ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
სემინარი თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში 15 თებერვალს გაიმართება, 16 თებერვალს კი თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალური ატესტაცია ჩაუტარდება და შესაბამისი დონის თანრიგი მიენიჭება. 17 თებერვალს ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის სემინარები ქართველი კუდოისტებს აქამდეც ჩატარებიათ. შარშან, რუსეთის კუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ქართველ კოლეგებს ორკვირიანი გადამზადების კურსი ჩაუტარეს, მიმდინარე წლის იანვარში კი მორიგი მასტერკლასი კიდევ ერთმა გამოცდილმა ინსტრუქტორმა  შავი ქამრის მფლობელმა, დენის სინიუტინმა ჩაატარა. საქართველოს კუდოს ფედერაცია სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.