კუდოს საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატი

2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოში იაპონური საბრძოლო ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის – კუდოს ეროვნული ფედერაცია ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ დაფუძნებამდე გუნდს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცედურების გავლა მოუწია: ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი – ბატონი დავით ხახუტაშვილი იაპონიაში, კუდოს ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს – აზუმა ტაკაშის შეხვდა და მისგან საერთაშორისო ფედერაციის წევრობის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი მიიღო.

ფედერაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია საბრძოლო ხელოვნება კუდოს განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში. აგრეთვე, ფიზიკური აღზრდისა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტული პოტენციალის გამოვლენა და სწორად განვითარების ხელშეწყობა, ორგანიზება  და მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქართველი სპორტსმენების ჩართვას კუდოს საკლუბო, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებში.

საბრძოლო ხელოვნება კუდო, იაპონური ორთაბრძოლების ერთობლიობის – ბუდოს (რომელშიც აგრეთვე გაერთიანებულია: ძიუდო, კარატე და სხვ.) ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მისი დებიუტი 1981 წელს შედგა და ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს სამოცზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. კუდოს ფუძემდებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტია აზუმა ტაკაში.