federaciis-wevrebma-sakvalifikacio-atestacia-chaabares

15 იანვარს თბილისში დასრულდა ერთკვირიანი სემინარი ქართველი კუდოისტებისთვის, რომელსაც  მოწვეული ინსტრუქტორი, შავი ქამრის მფლობელი დენის სინიუტინი უძღვებოდა. სემინარის დასრულების შემდეგ მან საქართველოს კუდოს ფედერაციის წევრებს ატესტაცია ჩაუტარა და შესაბამისი დონის თანრიგები მიანიჭა.

სემინარები სპორტულ კლუბ „ფიტნეს 31–ში“ ჩატარდა, რომელიც საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. პირველ დღეს ქართველ კუდოისტებთან ერთად იაპონელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში სატოში იშიმაც ივარჯიშა. სპორტსმენებთან ერთად მასტერკლასებს  ფედერაციის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

სემინარის დასრულების შემდეგ, კუდოს წესების შესაბამისად, საკვალიფიკაციო ატესტაცია ჩატარდა. დენის სინიუტინმა თითოეული სპორტსმენის მომზადების დონე ინდივიდუალურად შეამოწმა და მათ შესაბამისი დონის თანრიგები „კიუები“ მიანიჭა.

დენის სინიუტინის თქმით, ქართველი სპორტსმენები ფიზიკურად და მორალურად ძალიან ძლიერები არიან, კუდო ძალიან მრავალფეროვანი ორთაბრძოლაა, თუმცა იმას, რასაც ქართველი მებრძოლები ფლობენ, გაკვეთილზე ვერ ასწავლი. ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა.

ჩატარებული მასტერკლასის შესახებ პატარ მებძოლმა ისაუბრა:

„კუდოში ვარჯიში ერთი თვის წინ დავიწყე. მე–8 კიუ მომენიჭა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა თანრიგოსანი ვარ“, – განაცხადა 11 წლის გიორგი კვიციანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს სემინარი ქართველი მებრძოლებისთვის პირველი არ ყოფილა. შარშან თბილისში  რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  რომან ანაშკინი, ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი იმყოფებოდნენ. მათ ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ორკვირიანი მასტერკლასი ჩაატარეს. საქართველოს კუდოს ფედერაცია სპორტსმენების გადამზადების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.