საქართველოს კუდოს ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რის  საფუძველზე ფედერაცია სამინისტროსგან გარკვეული შეღავათებითა და პრიორიტეტებით ისარგებლებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს“ რიგით მე-10 სხდომა მიმდინარე წლის პირველ მაისს ჩატარდა. საბჭოს წევრებმა მინისტრის ხელმძღვანელობით, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე განიხილეს აღიარების მსურველი ფედერაციების განცხადებები, თითოეული მათგანის მიერ მომზადებული საქმიანობის ანგარიში, გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, აგრეთვე სტატისტიკური მონაცემები და საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მყოფ ფედერაციებს აღიარება მიანიჭეს.  საბჭოს გადაწყვეტილებით, აღიარება მიენიჭა სულ ოთხ ფედერაციას, კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კი უარი ეთქვა ექვს ორგანიზაციას. საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მიერ 8 მაისს გამოცემული №01/540 ბრძანების საფუძველზე.

აღიარებულ ფედერაციებს, მათ შორის – კუდოს ფედერაციას, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი შეღავათებითა და პრიორიტეტებით:

1. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციისა და სიახლეების განთავსება;
2. ყოველწლიურ გზამკვლევში საკონტაქტო ინფორმაციისა და წლიური გეგმის გამოქვეყნება;
3. სამინისტროს და ასევე სპორტის ახალ სასახლეში მდებარე საკონფერენციო და სათათბირო დარბაზების უსასყიდლოდ დათმობა შემაჯამებელი ანგარიშებისა და გამგეობის სხდომების, პრესკონფერენციების ჩატარების მიზნით;
4. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შუამდგომლობა, გაწევრიანებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით;
5. ადგილობრივ და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან შუამდგომლობა;
6. ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო კომპანიებთან შუამდგომლობის გაწევა შემდგომი სპონსორობისა და თანამშრომლობის მიზნით;
7. პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობა წარმატებულ სპორტსმენთათვის ჯარის გადავადების მიზნით;
8. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან და წარმომადგენლობებთან შუამდგომლობა, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით, გამარტივებულად ვიზის მისაღებად;
9. პერიოდულად სხვადასხვა სპორტული ინვენტარით დახმარების შესაძლებლობა;
10. დამსახურებულ მწვრთნელთა და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდირების მიზნით სამინისტროს შესაბამის კომისიაზე საკითხის გატანის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კუდოს ფედერაცია 2015 წლის 16 დეკემბერს დაფუძნდა. 2016 წლის 9 სექტემბერს  “სპორტის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რეორგანიზაცია განიცადა. საქართველოს კუდოს ფედერაცია არის კუდოს საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი და პასუხს აგებს საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ განვითარებაზე საქართველოში. დაფუძნების მომენტიდან ფედერაციის პრეზიდენტია დავით ხახუტაშვილი, ვიცეპრეზიდენტი ალექსი ფილფანი.