რუსეთის კუდოს ფედერაცია ტაკაში აზუმას თბილისში ვიზიტს ეხმაურება და საკუთარ ვებ–გვერდზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

„აზუმა ტაკაშის პირველი სემინარი თბილისში“

15 თებერვალს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, კუდოს ახლად ჩამოყალიბებულ ფედერაციაში პირველი სემინარი გაიმართა. სემინარს უძღვებოდა საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ დამფუძნებელი, გრანდ–მასტერი ტაკაში აზუმა.

აზუმა, კოლეგებთან ერთად საქართველოში პირდაპირ მუმბაიდან (ინდოეთი) გაემგზავრა, სადაც 10–12 თებერვალს კუდოს II მსოფლიო თასის ტურნირი ჩატარდა და რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

სენსეისთან ერთად თბილისს ეწვია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრი და რუსეთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი რომან ანაშკინი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს კუდოს ფედერაციის განვითარების ხელშეწყობაზე. საქართველოში სპორტის ამ სახეობის ლიდერი და სულისჩამდგმელია დავით ხახუტაშვილი.

რომან ანაშკინისთვის ეს ვიზიტი პირველი არ ყოფილა: 2016 წლის 13–18 აგვისტოს იგი თბილისს ვიცე–პრეზიდენტ ვლადიმირ ზორინთან და მთავარ მწვრთნელ ანატოლი ფილიპოვთან ერთად სტუმრობდა, რათა ქართველი კოლეგებისთვის კუდოს ტექნიკის, წესებისა და საორგანიზაციო მუშაობის გამოცდილება გაეზიარებინა. ამჯერად კი დელეგაცია ქართველი მასპინძლების მიერ ორგანიზებულ  სემინარსა და სერტიფიცირება–ატესტაციის კურსს დაესწრო.

ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდა. სპეციალურად მომზადებულ ძიუდოს ცენტრში (იგულისხმება შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია), სემინარს 100–ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთა უმრავლესობას ბავშვები წარმოადგენდნენ. მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა მაღალი ხარისხის მომზადების დონე აჩვენეს და ატესტაციაზე ექვსი შავი ქამარი (I დანის შესაბამისი) დაიმსახურეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო თასის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისში იმყოფებოდა დენის სინიუტინი, რომელმაც ადგილობრივ მწვრთნელებს ნაკრების მომზადებაში დაეხმარა. შედეგად, 240–ე საშეჯიბრო კატეგორიაში რაულ თუთარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

იხილეთ სტატია რუსეთის კუდოს ფედერაციის ვებ–გვერდზე