მიმდინარე წლის 23–25 ივნისს, საქართველოს კუდოს ფედერაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტსმენთა ატესტაცია ჩაატარა. გამოცდას თავი წარმატებითასზე მეტმა კუდოისტმა გაართვა. მათ შესაბამისი თანრიგის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ქამრები პირადად ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და ვიცეპრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა გადასცეს.

ატესტაციის მიმდინარეობას საქართველოს კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინსტრუქტორი  დავით ყოლბაია ხელმძღვანელობდა, რომელიც სპეციალურად ამისთვის  ჩამოვიდა საქართველოში. სპორტსმენთა გამოცდა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში, ზუგდიდსა და ტყიბულში.

საერთაშორისო ფედერაციის დებულების თანახმად, გამოცდის პროგრამა  კუდოს საბაზისო ტექნიკის, „კიხონის“ ცოდნასა და ფიზიკურ ნორმატივებს მოიცავდა. თითოეული გუნდის გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათზე მეტი იყო.  ახალგაზრდა კუდოისტების მომზადების დონე  შავი ქამრის მფლობელმა ინსტრუქტორებმა, ამირან სახოკიამ, მამუკა შონიამ, რაულ თუთარაულმა და სოსო ნიჟარაძემ შეამოწმეს. საერთო ჯამში, ატესტაცია წარმატებით  111–მა სპორტსმენმა გაიარა. ინსტრუქტორებმა მათ კვალიფიკაციის შესაბამისი თანრიგები, V–დან X-კიუს ჩათვლით მიანიჭეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კუდოს ფედერაციის ისტორიაში ეს პირველი დამოუკიდებელი ატესტაცია იყო. მანამდე ქართველი კუდოისტებისთვის გამოცდები უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეულმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს.  პირველად, მიმდინარე წლის იანვარში, რუსეთის კუდოს ფედერაციის წარმომადგენელმა დენის სინიუტინმა (შავი ქამარი, IV დანი), ხოლო თებერვალში იაპონიიდან მოწვეულმა საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციამ, პრეზიდენტ ტაკაში აზუმას (შავი ქამარი, IX დანი) ხელმძღვანელობით.

 საქართველოს კუდოს ფედერაცია გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ზუგდიდის სპორტკომპლექსისა და ტყიბულის სპორტის სასახლის ადმინისტრაციას.