ინდოეთში მიმდინარე კუდოს II მსოფლიო თასზე ქართველმა მებრძოლებმა წარმატებით იასპარეზეს და სამი საშეჯიბრო კატეგორიიდან ორში მედალი მოიპოვეს. რაულ თუთარაული ჩემპიონი გახდა, ასლან ორუჯევმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

თუთარაულმა პირველ შეხვედრაში მონღოლი მოწინააღმდეგედაამარცხა. შემდეგ კი იაპონიისა და რუსეთის წარმომადგენლებსაც აჯობა  და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

ასლან ორუჯევმა შრი-ლანკელ მეტოქესთან სუფთა გამარჯვება (იპონი) მოიპოვა, უკრაინელი მოწინააღმდეგეც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, თუმცა რუსეთის წარმომადგენელ იგორ პერმინთან შეხვედრა წააგო და მესამე ადგილი დაიკავა, პერმინი კი ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო თასზე იასპარეზა საქართველოს კუდოს ფედერაციის კიდევ ერთმა სპორტსმენმა, სოსო ნიჟარაძემ. პირველ შეხვედრაში მან ბრიტანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, შემდეგი ორთაბრძოლა კი იაპონელთან წააგო.

კუდოს II მსოფლიო თასი ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დღეს დასრულდა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ტურნირზე იმყოფებოდა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი  დავით ხახუტაშვილი. შეჯიბრს აგრეთვე ესწრებოდა საბრძოლო ხელოვნება კუდოს დამფუძნებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი –ტაკაში აზუმა, რომელმაც გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა. ქართველი კუდოისტები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდებიან.