27–28 მაისს თბილისში, გლდანის სპორტულ კომპლექსში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაცია იყო, მხარდამჭერები კი – საქართველოს კუდოს ფედერაცია და სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“.

ორთაბრძოლები K-1–ის წესებით მიმდინარეობდა. შეჯიბრში საქართველოდან და მეზობელი სახელმწიფოებიდან  200–ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.  ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენებმა. პირველი ადგილი  მარი ნანავამ, კონსტანტინე ჯანგავაძემ, ნიკა ავდოიანმა, საბა მაქაცარიამ და დავით ჯაბახიძემ დაიკავეს. ნოდარ ხარებაშვილმა ერთი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა, ირაკლი ქარდავა კი მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე ჯანგავაძემ და ნიკა ავდოიანმა პირველ ადგილთან ერთად, საჩემპიონო ქამრებიც მოიპოვეს.

ტურნირის დასკვნით ნაწილში ქართველმა კუდოისტებმა საჩვენებელი გამოსვლა მოაწყვეს და დამსწრე საზოგადოებას კუდოს საბრძოლო ხელოვნების ელემენტები წარმოუდგინეს.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. აგრეთვე, ტურნირზე გაწეული მხარდაჭერისათვის, ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციისგან საპატიო დიპლომები კუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ხახუტაშვილსა და ვიცეპრეზიდენტს, ალექსი ფილფანს გადაეცათ.