კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა საქართველოს კუდოს ფედერაციის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია 19 თებერვალს, სპორტულ კლუბ „ფიტნეს 31-ში” გაიმართა.

ღონისძიებას ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ შორის შერეული ორთაბრძოლების ტიტულოვანი სპორტსმენი  კარიმ ბარკალაევი. დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა მიმართა. მან საქართველოში საბრძოლო ხელოვნება კუდოს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და სპორტსმენებს ფედერაციის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

ვეტერანმა სპორტსმენებმა,  ფირუზ მარგიანმა და უშანგი კუზანაშვილმა საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის მუშაობა დადებითად შეაფასეს და დავით ხახუტაშვილს მადლობა გადაუხადეს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის.

კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა კუდოისტები, რაულ თუთარაული და ასლან ორუჯევი მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატებისთვის ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. მსოფლიო თასის გამარჯვებულ თუთარაულს 5000 ლარი, ბრინჯაოს მედალოსან ორუჯევს კი  2000 ლარი გადაეცა. თუთარაულს, ორუჯევს   და ნაკრების მესამე წევრს, სოსო ნიჟარაძეს ყოველთვიური ხელფასი, 500 ლარის ოდენობით დაენიშნათ. ერთჯერადი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ ფედერაციის მწვრთნელები, გიორგი კაბულაშვილი, ამირან სახოკია და მამუკა შონია.

სპორტსმენებს, რომლებიც 15–16 თებერვალს, ტაკაში აზუმას სემინარს ესწრებოდნენ მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ სპორტსმენების წახალისების ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის. რუსეთში გამართულ „კუდო ჩელენჯის“ ტურნირზე მიღწეული წარმატებისთვის მიმდინარე წლის 13 იანვარს, ასლან ორუჯევი ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა პლაზმური ტელევიზორით დაასაჩუქრა.