ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი ქართული ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრი 18 აპრილს, „სამებობის“ დღესასწაულზე გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა.

მოჭიდავეები რვა წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს ორგანიზატორისგან ფულადი პრიზები გადაეცემათ. ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები სპორტის სამინისტროდან და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციიდან, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“სამებობის” დღესასწაული ახალსოფელში ტრადიციულად აღდგომის მომდევნო სამშაბათს აღინიშნება. ქართული ჭიდაობა დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2016 წლიდან “სამებობის” დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერია ბიზნესმენი დავით ხახუტაშვილი.