ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის“ ორგანიზებითა და საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი  სახალხო დღესასწაულ „სამებობა 2017-ის” ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ვეტერან მოჭიდავეებთან ერთად ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე  ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი  ილია მზექალაშვილი დაესწრნენ.

შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირში  ქართველ მოჭიდავეებთან ერთად უკრაინელმა სუმოისტებმაც იასპარეზეს, რომლებიც საქართველოში  სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის  ჩამოვიდნენ. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

“სამებობის” დღესასწაულისა და ტურნირის შესახებ, საქართველოს კუდოს ფედერაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, აღნიშნული შეჯიბრის ორგანიზატორმა და მხარდამჭერმა, დავით ხახუტაშვილმა ისაუბრა:

“ყვარლის მუნიციპალიტეტსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ “სამებობის” დღესასწაულს. ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ჩვენთან ყოველწლიურად აღინიშნება. ტურნირის მიზანია, ახალგაზრდა თაობას მივცეთ მოტივაცია, რომ უფრო უკეთესად აღიქვან ამ დღესასწაულის მნიშვნელობა და დააფასონ ტრადიციული ქართული სპორტის სახეობები,” – განაცხადა დავით ხახუტაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მსგავს დღესასწაულებზე ჩატარებული სპორტული შეჯიბრება ქვეყანაში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს:

„ქართული ჭიდაობა არის ჩვენი საგანძური, ჩვენს ყველა წარმატებულ სპორტსმენს ეს სკოლა გავლილი აქვს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართული ჭიდაობის შენარჩუნება და აღორძინება. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებსა და პირადად დავით ხახუტაშვილს, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად ეწეოდეს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას და ამავდროულად თავის რაიონისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აკეთოს. მიხარია, რომ სპორტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში,” – აღნიშნა  ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

“სამებობის” დღესასწაული ახალსოფელში ტრადიციულად აღდგომის მომდევნო სამშაბათს აღინიშნება. ქართული ჭიდაობა დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2016 წლიდან “სამებობის” დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერია საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი, რომელიც პარალელურად სპორტულ კლუბ “ბლექ თაიგერსაც” ხელმძღვანელობს.